Equus ferus caballus

თუშური ცხენი ამ მიდამოს მთავარი მობინადრეა. ის ბუნებას და ადამიანებს აკავშირებს, უხსოვარ დროში გახდა ადამიანების მეგობარი, თუმცა, ბუნებასთან კავშირი არ გაუწყვეტია. როდესაც ალაზნის ხეობიდან მობერილი ნიავი ფაფარს აუშლის, ის ისევ ველური, ქარის ხმას აყოლილი ზღაპრული რაში ხდება.

Gallus gallus domesticus

რა არ გადახდენია თავს დეზებიან მამალს, ხან რომელ რელიგიურ რიტუალში ამოაყოფინეს თავი, ხან რომელ წითელა ბატონებს გააჯიბრეს. თავისი ბიბილოსავით ალისფერ მზეს ეგებება, ადამიანებს ახალი დღის მოსვლას ამცნობს. დღე მაშინ თენდება, როცა მამალი დაიყივლებს.

Meleagris gallopavo

ლაქლაქა, ცნობისმოყვარე, მხიარული ინდაური თავისი უცნაური გარეგნობის წყალობით დიდ ინტერესს იწვევს. ამ მიდამოში ამ ჩალისფერ, ყბედ ფრინველს გააქვს და გამოაქვს ამბები შორეული ქვეყნების შესახებ, საიდანაც ოდესღაც კავკასიაში მოხვდა. არ გსმენიათ მისი ხმა? თითქოს ათობით მხიარული კაცი ერთმანეთს სასაცილო ამბებს უყვება.

Bubalus bubalis

სანავარდოს მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ტაატით მოსიარულე, მძიმე რქოსანს თუ დაინახავთ, სათავგადასავლო წიგნების ბიზონი არ გეგონოთ - ეს ქართული კამეჩია. დინჯი, დამჯდარი, ხასიათიანი, ერთგული, ღონიერი - ის, ვინც საკუთარ მხრებზე გადაიტანა აბრეშუმის გზის სირთულე.

Ovis aries

აქაურ ფერდობებს სანამ ცხვარი თოვლივით შეეფინება, ეს მხარე ყოველთვის სიცოცხლით სავსე იქნება. თუშური ცხვარი, ყოველდღიურობის, ზღაპრების, თქმულებების, ლექსების, ლხინისა და ჭირის განუყრელი ნაწილი.

Capra caucasica

ის ყველაზე პატივსაცემი ცხოველია - ყველაზე ამაყი, შემტევი, პირდაპირი, თავისუფალი. ციცაბო კლდეებს რომ გადმოადგება, სანავარდოდან წერტილივით მოჩანს. ეს ჯიხვია - წმინდა ცხოველი, კლდეების მბრძანებელი.

Tetrao mlokosiewiczi

კავკასიონის ალპურ ველებზე თუ აღმოჩნდით, კენკრის სურნელი უდავოდ როჭოსთან მიგიყვანთ. ხავერდოვანი, შავი ბუმბულის, მსხვილი, წითელი წარბებისა და ქნარივით კუდის წყალობით, ნორჩი ყლორტების, მავნე ჭიებისა თუ მაყვლის მწიფე ნაყოფის მაძებარ მამალ როჭოს ყველგან იცნობთ. ხვრინვის ხმა თუ მოგესმათ, არ დაიბნეთ - გულის სწორთან მოარშიყე როჭო ასე უბრაზდება ხოლმე მეტოქეს.

Phasianus colchicus

გინახავთ ალაზნისპირის განთიადი - მოოქროვილი ცის ლაჟვარდი მეწამული ზღვისფრად რომ იღებება? ერთ დროს, დასავლეთს ფაზისიდან მიბრძანებული ხოხობი, „ფაზიანოსი“ (ფაზისის ფრინველი), ფერადი ბუმბულით სამშობლოს ამბავს ჰყვება. ფრენის უბადლო უნარით ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ, როგორღაც, მას მონტეპულჩანოს საშობლოს - აბრუცოს მაღალ მთაშიც და კახურ ჭალებშიც, ტყეებსა თუ მდინარის ლერწმით დაფარულ ნაპირებზეც აღმოაჩენთ.

Cervus elaphus linnaeus

მასზე მშვენიერი ამ მიდამოში ცოტა ვინმე თუ სახლობს. როდესაც დატოტვილი რქებით, მაღალი კისრით და წარმოუდგენლად ლამაზი თვალებით დამშვენებული კეთილშობილი ირემი გამოჩნდება, აქაურობის ყველა ბინადარი აღტაცებული შეჰყურებს. რქებზე ზოგჯერ ტყის ხვიარა ან ხმელი ფოთლები აქვს ჩამოკიდებული. ლამაზია, მფრთხალი და დიდებული.